Thursday, March 3, 2011

შენ

დღეს შენი დღეა

 ტელევიზორს დაუწიე, რადიო გამორთე... მობილური გვედზე გადადე... დავიძინოთ...ამ სიტყვებით აღებს დედა ჩვენი ოთახის კარებს... შემდეგ მიდის ხატებთან და თხოვს: “ღმერთო დაიფარე ჩემი შვილი”. მოდის და იძინებს. მესმის როგორ სუნთქავს და ისწორებს საბანს. მერე თენდება...მაღვიძებს შენი ჩურჩული... ნაბიჟების ხმა... მადუღარას კივილი... მემაწვნე ქალის ძახილი... მეზობლის ძაღლის წკმუტუნი... მერე სიჩუმე და დედის ლოცვა... სახლიდან გასვლის წინ ნათქვამი მისი სიტყვები: “ღმერთი გფარავდეს” მერე კარების ხმა... მესმის ყოველდღიური მუსიკა რადიოს ეთერში... გადასასვლელზე მანქანის სიგნალი... ჩემი მეზობლის სალამი... ხმაურიანი ქუჩა ჩავლილია... ათასი სალამი გაცემული... ახლა მუსიკის დროა... და ჯერ ჟღერს ბახი, შემდეგ შოპენი, ბეთჰოვენი, შუმანი და პედაგოგის ათას ერთი შენიშვნა, რომელიც ყოველ გაკვეთილზე მრავლდება და არ მეორდება...ბოლოს ისევ სახლი...

დაღამდა... ყველაფერი იგივე... ჩემს ყურთან თბილი სუნთქვა... მას ჰგონია, რომ მძინავს... “ჩემი პატარა შვილი” – თბილად ნათქვამი ეს სამი სიტყვა... ლოყაზე ნაზი ამბორი... მერე სიჩუმე... პატარა ცრემლი... და ფიქრი იმაზე, რომ ერთ დღეს გაიღვიძებ და... აღარ იქნება დედა...

No comments:

Post a Comment

:)